შუა აზიის ბოლშევიზაციის თავისებურებანი და პარტიზანულ-კონტრპარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა თურქესტანის ბასმაჩური მოძრაობის მაგალითზე

  • არჩილ ჩაჩხიანი, თადარიგის პოლკოვნიკი, ისტორიის დოქტორი, eta

Abstract

უკანასკნელ წლებში გასული საუკუნის პირველ მეოთხედში ცენტრალურ აზიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესების კვლევით არაერთი მეცნიერი დაინტერესდა, რომლებმაც მეტ-ნაკლები სისრულით შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და შესაბამისი შრომებიც დადეს. მიუხედავად ამისა, იქ მიმდინარე პროცესების ზოგიერთი ასპექტი მაინც არ არის ბოლომდე გამოკვლეული და მათი მეცნიერული შესწავლა არა მარტო ისტორიული, არამედ სამხედრო კუთხითაც მეტად აქტუალურია. საუბარი ცენტრალური აზიის ბოლშევიკურ ოკუპაციასა და მის თანმდევ მოვლენებს _ წითელი არმიის შენაერთებსა და შუააზიელ მეამბოხეთა, ე.წ. ,,ბასმაჩთა” შორის მიმდინარე საომარ დაპირისპირებას ეხება. ამ დაპირისპირების შესწავლა კი, განსაკუთრებით სამხედრო ხელოვნების კუთხითაა მნიშვნელოვანი. ეს თანაბრად ეხება როგორც ომის ხასიათის კვლევას, ასევე დაპირისპირებულ მხარეთა საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკური მონახაზების შესწავლასა და ანალიზს. საკითხთა სპექტრი კი მართლაც მრავალწახნაგოვანია _ შუა აზიის ბოლშევიკური ოკუპაციის თავისებურებანი, ბასმაჩური  მოძრაობის გაჩენის მიზეზები და წინაპირობები, დაპირისპირებულ მხარეთა ძალები, მათი შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები, მიმდინარე ომის ხასიათი და მისი ცვლილებები, წითელი არმიის შენაერთებისა და ნაწილების, აგრეთვე ბასმაჩური რაზმებისა თუ ცალკეული ჯგუფების მიერ გატარებული სამხედრო სტრატეგიები, საბრძოლო ტაქტიკები და ა.შ.  

საბჭოურ პროპაგანდისტულ ისტორიოგრაფიაში თურქესტანში XX საუკუნის 20-იან წლებში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებთან, იქ აგორებულ წინააღმდეგობის ბასმაჩურ მოძრაობასთან, თავად ბასმაჩებსა და მათ საბრძოლო ტაქტიკებთან დაკავშირებით მრავალი მითი არსებობს, რომელიც სიმართლისგან ძალიან შორსა დგას. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ისტორიოგრაფია ცენტრალური აზიის ბოლშევიკური სისხლიანი ოკუპაციისა და ანექსიის პროცესს ,,აღმოსავლეთის ხალხების” განთავისუფლებად ნათლავდა, რაც სრულად ჯდებოდა საბჭოური ,,მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკის” მითოლოგიურ სქემაში. რეალურად კი საქმის ვითარება სწორედაც რომ კარდინალურად საპირისპირო იყო. ამიტომ საჭიროა გარკვეული სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხში და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

სულ უკანასკნელ ხანს გამომზეურებული დოკუმენტებისა და სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქება და რეალური სურათის დადგენა, რამაც ისტორიის ახლებურად გააზრებისა და მისი სწორად შეფასების საშუალება მოგვცა. მოცემულ საკითხს კი შემდეგი სქემით განვიხილავთ:

_ თურქესტანის ბოლშევიკური ოკუპაცია და იძულებითი გასაბჭოება;

_ ბასმაჩთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმოქმნა და დაპირისპირებულ მხარეთა შეიარაღება;

_ საბრძოლო ტაქტიკები და საომარი სტრატეგიები.

პირველ რიგში კი, ბასმაჩური მოძრაობის წარმოქმნის პოლიტიკური წანამძღვრები, მისი გამომწვევი მიზეზები და ამ მოძრაობის გაჩენა-გავრცელების გეოგრაფია უნდა განვსაზღვროთ. საკითხის არსში მეტი სიცხადის შესატანად კი მცირე ისტორიული და გეოგრაფიული რაკურსის გაკეთება დაგვჭირდება, რაც ტერმინ ,,თურქესტანთან~ არის დაკავშირებული.

ტერმინი ,,თურქესტანი~ ცენტრალური აზიის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის დასახელებაა, რომელიც XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში იხმარებოდა. პირველად ტოპონიმი ,,თურქესტანი~ დაფიქსირებულია სოგდიანურ ენაზე 639 წელს შედგენილ დოკუმენტში, რომელიც 1969 წელს აღმოაჩინეს.[1] XIII საუკუნიდან მოყოლებული, ამ რეგიონის შემადგენლობაში შედიოდნენ დღევანდელი სახელმწიფოები: უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი, აგრეთვე ჩინეთის კუთვნილი სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონი, სამხრეთ ციმბირისა და ალტაის თურქულენოვანი რეგიონები, ასევე ირანისა და ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში თურქესტანი პირობითად იყოფოდა დასავლეთ (რუსულ), აღმოსავლეთ (ჩინურ) და სამხრეთ (ირანისა და ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილი) თურქესტანად. დასავლეთ და აღმოსავლეთ თურქესტანში უმეტესად თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობდნენ, ხოლო სამხრეთში _ ირანულენოვანი. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ტერმინი ,,თურქესტანი~ ნელ-ნელა ხმარებიდან გამოდის და მას ტერმინი ,,შუა აზია~ ცვლის. დღეისათვის კი ამ რეგიონის დასახელებად უკვე მკვიდრდება ტერმინი ,,ცენტრალური აზია~. შესაბამისად, წარმოდგენილ სტატიაში გამოყენებულ ტერმინებს ,,თურქესტანი”, ,,შუა აზია~ და ,,ცენტრალური აზია~, ერთი და იგივე აზრობრივი დატვირთვა აქვს. 

შუა აზიის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ბასმაჩურ მოძრაობას უკავია, რაც არა მოსახლეობის გარკვეული ფენის მორიგ საყოფაცხოვრებო ამბოხს წარმოადგენდა, რის დახატვასაც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, არამედ რეგიონის მოსახლეობის თითქმის ყველა ფენის აქტიური ნაწილის ბრძოლებისა და საომარი მოქმედებების სერიას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც, საერთო ჯამში, მთელი 15 წელი, 1918 წლიდან 1933 წლამდე მიმდინარეობდა. თუმცა წითელი არმიის მიერ ცალკეული ბასმაჩური რაზმების ლიკვიდაცია გაცილებით გვიან, მხოლოდ 1938 წლისთვის დასრულდა.

 

 

Published
2019-11-04