უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში ისტორიის და ახალი რეალობების გათვალისწინებით

  • კონსტანტინე ჟღენტი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი
Keywords: უსაფრთხოება, კონფლიქტები, რუსეთი, პოლიტიკა, საერთაშორისო სისტემა

Abstract

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებმა, უკვე იქონია გავლენა მსოფლიოს არაერთ
რეგიონზე და მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე.
მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა არათუ შენარჩუნდება, არამედ გაძლერედება, ან შესუსტდება
იმის გათვალისწინებითაც, თუ როგორ პოლიტიკას აირჩევენ ერთის მხრივ, თავად სამხრეთ კავკასიის
სახელმწიფოები, ხოლო მეორეს მხრივ ის ძალები, თუ ძალის ცენტრები, რომლებიც რეგიონზე გავლენისთვის
იბრძვიან.
რეალური, სტაბილური და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად საჭიროა:
- არსებული და პოტენციური საფრთხეების ობიექტური და ზუსტი განსაზღვრა (სიძნელეები - ობიექტური და
სუბიექტური კრიტერიუმები);
- კონფლიქტის საფრთხის გაუვნებელყოფა (პრევენციული საქმიანობით);
- არსებული კონფლიქტების შემთხვევაში, მათი რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრა.
ყველა ჩამოთვლილ პირობას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები, ძირითადად განსხვავებულად აფასებენ
და ასეთ პირობებში რეალური, სტაბილური და ყოვლისმომცველი რეგიონული უსაფრთხოების სისტემის
ჩამოყალიბება მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ შეიძლებოდა სამხრეთ კავკასიაში
არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავებული ყოფილიყო, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს
რუსეთის მიმართ განსხვავებული პოლიტიკა რომ გაეტარებინათ.
რუსეთი, რეგიონის უსაფრთხოებისთვის, წარმოადგენდა და წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს მისი
იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკის გამო.
დღეს რეგიონში ყოვლისმომცველი და სტაბილური უსაფრთხოების რეჟიმის დამყარების, შესაძლებლობის
ალბათობა თითქმის იმავე დონეზეა, როგორზეც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის
აღდგენის დროს იყო. ეს ასეა იმიტომ, რომ რეგიონში კვლავ რჩება მოუგვარებელი კონფლიქტები. რეგიონში
კვლავ სახეზეა მესამე სამხედრო ძალის არსებობა, რეგიონის სახელმწიფოებს კვლავ განსხვავებული
შეხედულება აქვთ საკუთარი და რეგიონის უსაფრთხოების შესაძლებელ გარანტორ ძალებზე და მსოფლიოს
წამყვანი სახელმწიფოები კვლავ ვერ თანხმდებიან სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონად
გადაქცევისათვის საჭირო საერთო პოლიტიკაზე. თან არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ
ეკონომიკური, კერძოდ კი, ენერგეტიკული თვალსაზრისითაც.
პერსპექტივაში, რეგიონში რეალური და სტაბილური უსაფრთხოების დამყარებისათვის ისევ და ისევ საჭიროა
როგორც თვით რეგიონის სახელმწიფოებში დემოკრატიის მაღალი და სტაბილური დონის უზრუნველყოფა,
შედეგად რეგიონის დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის რეჟიმის შექმნა, ისე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო აქტიური და ქმედითი ხელშეწყობა როგორც ამ პროცესების, ისე
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის (ე.წ. „რბილი ძალის“ ჩათვლით) შეკავებისადმი. მხოლოდ ყოველივე ამას
შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგება და რეგიონის უსაფრთხოების
საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოფა.

Published
2019-03-26